დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ დახურულ სხდომაზე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს თემურ ხომერიკს მოუსმინეს. შეხვედრა საკრებულოს დეპუტატების ინიციტიავით განხორციელდა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დედაქალაქის მერმა ,,თავისუფალი დემოკარატების“ წევრებს ფრაქციის სხდომაზე მისვლაზე უარი განუცხადა.
,,თბილისის მერის საკრებულოში მოწვევა ზოგადად მერიისა და საქალაქო სამსახურების მუშაობის შეფასებას, ასევე ჩვენს შენიშვნებსა და რჩევებს ემსახურებოდა. ფრაქციის წერილს ბატონმა დავით ნარმანიამ სატელევიზიო კომენტარით უპასუხა და განაცხადა, რომ ის არ შეხვდება ცალკეულ ჯგუფებს და საკრებულოში აპრილის დასაწყისში მობრძანდება. ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ცალკეულ ჯგუფებში ქალაქის მერი თბილისის სამი რაიონის სამ მაჟორიტარ დეპუტატს და მათ უკან მდგომ სამი რაიონის ამომრჩეველს გულისხმობდა. ვინაიდან ჩვენი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ფრაქციის კითხვები უპასუხოდ დარჩა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისადმი მიცემულ დანაპირებს და როგორც მერიის, ასევე ყველა საქალაქო სამსახურის საქმინობის და ხარჯვითი ნაწილის მკაცრ კონტროლსა და მონიტორინგს ვახორციელებთ“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრებისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
როგორც მხარეებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, შეხვედრაზე ბევრი მწვავე საკითხი დაისვა. საუბარი შეეხებოდა დიუმას ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე ქალაქში მიმდინარე და შეჩერებულ მშენებლობებს. ქირით გასულ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ საკუთარი ფართებით და იმ ადამიანებს, რომლებიც შეჩერებული მშენებლობების გამო უხელფასოდ დარჩნენ.
როგორც თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, დედაქალაქში ძალიან ბევრი პროექტი საეჭვოდ იყო შეჩერებული, რამდენიმე კორპუსის პროექტი კი, შეთანხმებულიც არ ყოფილა, შესაბამისად, მათი დასრულება დაგვიანდა.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ფონდის საქმიანობის შესწავლის მიზნით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავენ, პარალელურად კი აღნიშნული სამსახურის საქმიანობაზე მკაცრ მონიტორინგს განახორციელებენ.